ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს მოუწოდა სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.
„ყველა ადამიანს მოვუწოდებ, ვისაც კი რაიმე სიმპტომები ეწყება – დაბალი ტემპერატურა, ხველა, სურდო, სუნთქვის გაძნელება. ახლა სურდოს რატომ ვამბობ? იცით, რომ ალერგიის სეზონი მოვიდა და ბევრი დაავადება მაისს – ივნისში მიმდინარეობს სურდოთი, თვალების ქავილით, შეიძლება პატარა ტემპერატურაც იყოს. ამ ტიპის ადამიანებმა უნდა მიმართონ 112-ს ან პირდაპირ ცხელების ცენტრებს. მათ იქ 24 საათში pcr ტექნოლოგიით ჩაუტარდებათ ტესტი. თუ დადებითი იქნება, გადაიყვანენ სამკურნალოდ.
ამის გარდა, ყველა პნევმონია დიდებში და ბავშვები იტესტება და კიდევ უფრო მეტი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში ცირკულარი დავაგზავნეთ კლინიკებში, რომ მეტი ზედამხედველობა ყოფილიყო ცხელებით მიმდინარე დაავადებებზე.
ამავე დროს ჩვენ გვაქვს გრიპის დაკვირვების საიტები. ამას სენტინელური ზედამხედველობა ჰქვია, როცა არჩეულ საიტებზე ვტესტავთ 22 ტიპის რესპირაციულ ვირუსზე და ძირითადად, გრიპის ვირუსის სხვადასხვა ტიპებზე. ეს ხდება ყოველკვირეულად. ჩვენ ბოლო ორი თვეა ყველა ამ საიტებზე, როცა ნიმუში იღება გრიპის ვირუსზე, პარალელურად იტესტება კოვიდზე, რომ გრიპის კლინიკური ნიშნების ქვეშ არ გაგვეპაროს კოვიდი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.