ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ კურატორმა ქეთი შავგულიძემ გამოფენის მონაწილეებს მიმართა, რომ შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრების წაღება.
შავგულიძის მიმართვამდე, ორმა არტისტმა ანდრო დადიანმა და შოთიკო აფციაურმა განაცხადეს, რომ თავიანთი ნამუშევრების წაღება სურდათ სანდრო სულაბერიძის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. შოთიკო აფციაურმა მიმართა გამოფენის ორგანიზატორებს, რომ მომდევნო 24 საათი სურდა ნამუშევრის გატანა.
„მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ“, – ასე გამოეხმაურა ქეთი შავგულიძე შოთიკო აფციაურის მიმართვას.
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც 4 თებერვალს ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.
სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული:
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.
გალერეის დირექტორი მაცაცო გაბუნია მომხდარს „ინფანტილურ მავნებლობად“ აფასებს.
„აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს.
ასე, რომ, სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მანც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად. არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა“,- წერს გაბუნია.
გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“, მონაწილეთა ნაწილმა კი განცხადება გაავრცელა.
განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.