ვისაუბრეთ მელიასა და რურუას გათავისუფლებაზე და დემოკრატიული რეფორმების საჭიროებაზე - გიგაური

პუბლიკა

კრისტიან დანიელსონისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, მათ ისაუბრეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლად ფუნქციონირების საჭიროებაზე. გიგაურის თქმით, მათ ხაზი გაუსვეს, რომ კრიზისი სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების პრობლემებმა გამოიწვია.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე თუ რამდენად ღრმა კრიზისშია ჩვენი ქვეყანა და მათ აინტერესებდათ, რა შეიძლება იყოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა. ასევე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია კომპრომისული შეთანხმება შედგეს. კომპრომისის გარეშე შეუძლებელია შეთანხმება და აუცილებელია ეს ყველამ გაითვალისწინოს.

ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანაა მელიასა და რურუას გათავისუფლება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვსაუბრობდით ამ საქმეების დეტალებზე და მივაწოდეთ ინფორმაცია.

თუმცა, ამასთანავე ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები და გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები და ვთქვით, რომ ასევე გამოიწვია კრიზისი იმან, რომ ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პარტიის ხელში და მნიშვნელოვანია ძალაუფლების დანაწილება მოხდეს ოპოზიციასთან.

საჭიროა შეიცვალოს მნიშვნელოვანი თანამდებობების არჩევის წესი და ოპოზიციის როლი ამაში გახდება უფრო დიდი და აირჩევიან ნეიტრალური პირები, რომლებიც კანონის შესაბამისად და საზოგადოების ინტერესებით იმოქმედებენ, მათ შორის, ასეთი კრიზისების დროს.

ჩვენ ასევე ვსაუბრობდით სასამართლოს რეფორმაზე, რომელიც მიმდინარეობს და ხაზი გავუსვით, რომ უნდა იყოს ის საფუძვლიანი და მიმართული იმაზე, რომ რეალურად შეიცვალოს სასამართლო და გაიზარდოს მის მიმართ საზოგადოების ნდობა. ასევე ვისაუბრეთ საარჩევნო რეფორმაზე, ჩვენ სისტემა უნდა გავმართოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნები კარგად ჩატარდეს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

გიგაურის თქმით, რიგგარეშე არჩევნებზე არასამთავრობო სექტორთან საუბარი არ ყოფილა, რადგან ეს პოლიტიკური პარტიების საკითხია. თუმცა, ისაუბრეს იმ მექანიზმებზე, რისი მეშვეობითაც შეიძლება მოხდეს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.