კონგრესმენი ვისი: „MEGOBARI Act" ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად

პუბლიკა

კონგრესმენი ვისი ამბობს, რომ კონგრესში ინიციირებული „MEGOBARI Act” ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად. მის კომენტარს სოციალურ ქსელში ჰელსინკის კომისია ავრცელებს. 

„შეერთებულმა შტატებმა და ქართველმა ხალხმა ბოლო სამი დეკადის განმავლობაში ძლიერი მეგობრობა ააშენეს. ჩვენ ერთად ვგლოვობდით, ერთად ვზეიმობდით მიღწევებს და გვერდიგვერდ ვიბრძოდით.

„MEGOBARI Act” ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად, რათა ხაზი გაუსვას უკეთეს გზას წინსვლისთვის”, -აცხადებს ვისი.

აშშ-ის კონგრესში, დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე  „MEGOBARI აქტის“ განხილვა დაიწყება.

„MEGOBARI“ აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

მოსმენაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

აქტის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“, მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება.