ვისურვებდი, ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ ამ დესტრუქციულ პროცესში - წილოსანი

პუბლიკა

„ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ ამ დესტრუქციულ პროცესში. ასევე, ვისურვებდი, რომ დეპუტატების ფიზიკური ხელშეუხებლობა, განსაკუთრებით კი ქალების, იყოს უზრუნველყოფილი“, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში 18 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

„ის, რაც პარლამენტში ბოლო პერიოდში ხდება და ზოგადად არაერთხელ გვინახავს, ყველაზე ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის. ინსტიტუცია, რომელიც კანონებს და მათ შორის ანტიძალადობრივ რეგულაციებს აწესებს, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფების ძალისხმევით თავად ხდება ხოლმე ამგვარი ქმედების ადგილი. პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის, გუშინ კი ტრიბუნის ბლოკირება, ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად, რომელიც თავის თავში გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის რევოლუციური მიზნის ასრულების მცდელობას, ეს არის პროვოკაცია დაპირისპირებების წარმოშობისთვის“, – აცხადებს ნინო წილოსანი.

წილოსანი აღნიშნავს, რომ პარლამენტის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის ქალების მონაწილეობით, ძალიან მძიმე საყურებელია და დასძენს – „თუმცა, სწორედ ეს არის პროვოკატორთა ამოცანა“.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ არც რეგლამენტის, არც კანონების დათქმებს, არ იცავენ ოპოზიციონერი დეპუტატები და განუწყვეტლივ უქმნიან საფრთხეს ქვეყნის ინსტიტუციების რეპუტაციას და სტაბილურობას.

„ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ ამ დესტრუქციულ პროცესში. ასევე, ვისურვებდი, რომ დეპუტატების ფიზიკური ხელშეუხებლობა, განსაკუთრებით კი ქალების, იყოს უზრუნველყოფილი. რადგან ქალები ისედაც დიდი ბარიერების წინაშე დგანან პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად. იმედი მაქვს, რომ ცივილიზებულობის იმ დონემდეც მივა პოლიტიკური გარემო საქართველოში და ჩვენს საზოგადოებას არ მოუწევს ამ უმსგავსობების ყურება“, – განაცხადა წილოსანმა.


დღეს, 19 ივლისს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ პარლამენტის ეთიკის კომისიას მოუწოდეს, რომ განიხილოს თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები. რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს.

18 ივლისის რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩაშლის შემდეგ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის ეთიკის საბჭოს, უფლებამოსილება შეუწყვიტონ უმრავლესობის დეპუტატებს შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს.

გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ძალის გამოყენებით ცდილობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თინა ბოკუჩავას პარლამენტის ტრიბუნისგან მოშორებას, სადაც ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა კი თინა ბოკუჩავას ფოტო ჩამოართვა.