ვისურვებდი, დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ყოფს საზოგადოებას – დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აქვეყნებს ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს.

დეგნანის განცხადებით, სამართლიან არჩევნებში არ უნდა იყოს დაშინება, მოსყიდვა; ვერავინ უნდა აიძულოს ამომრჩეველს, რომ ფოტო გადაუღოს ბიულეტენს ან დაემუწროს სამსახურიდან გათავისუფლებით. მისივე თქმით, თავისუფალ არჩევნებში ერთი ხმა ნიშნავს ერთ ადამიანს. დეგნანის თქმით, ამგვარი არჩევნები ნატოსკენ მომავალ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„მსურს, ვნახო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება.

ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, რომ დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებსა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“,- განაცხადა დეგნანმა.

მან ქართველ ამომრჩეველს, კოვიდპანდემიის რეგულაციების დაცვით, არჩევნებზე უპირობო მისვლისკენ მოუწოდა:

„მოვუწოდებდი ხალხს, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია და გთხოვთ, მიდით არჩევნებზე. აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ ამ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. უკვე ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა, მიუხედავად კოვიდ პანდემიისა. საბოლოო ჯამში, ამ არჩევნების წარმატება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალზე. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმა დაფიქსირდება საარჩევნო ყუთთან“, – თქვა დეგნანმა.


2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მე-10 მოწვევის პარლამენტი განსხვავებული წესით დაკომპლექტდება. შეიცვალა მანდატების განაწილება: 120 დეპუტატი პროპორციული სიით და 30 კი მაჟორიტარული ოლქებით შევა პარლამენტში. განსხვავებულია კიდევ ის, რომ „საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტით და საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით მოთხოვნილია, რომ პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში პარტიული სია წარადგინა 51-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათგან დამოუკიდებლად მონაწილე არის 49 პარტია, საარჩევნო ბლოკი კი 2.