ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე - სააკაშვილი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის საპატიმროდან მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატებმა გააცნეს.

სააკაშვილი წერილში წერს, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოების დაკნინებასა და აბუჩად აგდებას ცდილობს, რასაც აქტიური ქმედებებით უნდა გაეცეს პასუხი. აქტიურ ქმედებად სააკაშვილს ყველა რეგიონში ხმების დასაცავად ბრძოლა, კომისიებთან და სასამართლოებთან აქციები და დაშინება-მოსყიდვის გამოვლენა მიაჩნია.

„ახლა რაც მთავარია, 14-ში უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას უნდა დავანახოთ, რომ საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა.

მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი უკანასკნელი ინსტრუმენტი.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო უკვე გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ“, – წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, 30 ოქტომბრამდე გამარჯვება მხოლოდ ყოველდღიური ბრძოლით მოიპოვება.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციაა დაგეგმილი.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.