„ვითანამშრომლებთ EU-ში გაწევრების გზაზე“ - მაია სანდუს ვიზიტი უკრაინაში

პუბლიკა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ წერს.

მისი თქმით, ზელენსკისთან შეხვედრაზე ისაუბრეს მოლდოვასთან სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მოეწყოს სატვირთო დერეფნები. სანდუს თქმით, მოლდოვა გააგრძელებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შეფარებას და დახმარებას.

დღესვე მან განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა და მოლდოვა ითანამშრომლებენ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებში და ევროკავშირში გაწევრების გზაზე.

მაია სანდუმ უკრაინაში ვიზიტის დროს ბოროდიანკა, ბუჩა და ირპინი მოინახულა.

„გაოგენბული ვართ იმ ძალადობით და დესტრუქციით, რაც იქ ვნახეთ. ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა და მთელი გულით ვუსურვებთ მამაც, თავდაუზოგავ უკრაინელებს მშვიდობას, თავისუფლებას, კეთილდღობასა და იმ ცხოვრებას, რომელიც აირჩიეს“, – წერს სანდუ ტვიტერში.

24 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები გახდნენ.

მათ განესაზღვრათ პირობები, რომელთა შესრულების შემდეგ ქვეყნები ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკების ეტაპზე გადავლენ. ქვეყნების პროგრესს ევროკომისია წლის ბოლოს შეაფასებს.