ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელია კოლაფსი - გვარამია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელია კოლაფსი. როგორც თვითონ მითხრა, მისი შეგრძნებით ძალიან ცოტა დრო დარჩა. ის თავს კარგად არ გრძნობს და ელოდება კოლაფსს. ამის შემდეგ რა მოხდება, არავინ იცის, ეს უკვე არის ლატარეა, 50-50-ზე, – ეს ნიშნავს სიკვდილისთვის გაწირვას. თუ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ელოდება, როდის ექნება მას კოლაფსი და როდის გადაიყვანენ საავადმყოფოში, ეს უნდა მოხდეს მანამდე, ის უნდა იყოს გადარჩენილი მანამდე. კოლაფსის შემდეგ არავინ იცის, როგორ შემოტრიალდება ვითარება. მხოლოდ ფიზიოლოგიური გადარჩენა არ არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანაა მისი ფსიქიკის და აზროვნების გადარჩენა. ამიტომ, მივმართავ კვლავ, ერთადერთ ადამიანს, ვინც იღებს გადაწყვეტილებას და ვისგანაც უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მიიღებს რაციონალურ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილს, – ძალიან მალე სიტუაცია შეიძლება იყოს შეუქცევადი და ყველანი იქნებიან მკვლელები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 35-ე დღეა შიმშილობს.