ვითარება ცხინვალში | დე ფაქტო პარლამენტი გენპროკურორის გადადგომას მოითხოვს

პუბლიკა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ, 25-მა წევრმა, ხელი მოაწერა მიმართვას ანატოლი ბიბილოვის სახელზე, რითაც დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის დათხოვნას მოითხოვენ.

ვითარება ცხინვალში 28 აგვისტოს დაიძაბა, როდესაც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი ინალ ჯაბიევი მიიყვანეს, რომელიც მალევე გარდაიცვალა.

მოსახლეობას მიაჩნია, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანის დაცხრილვაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს შემოაკვდათ.

ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ, საღამოს საათებში ცხინვალის ქუჩებში მოსახლეობა გამოვიდა და სასტიკი მოპყრობა გააპროტესტა.

მათ დე ფაქტო პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ანატოლი ბიბილოვმა ჯერ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გადააყენა. მოგვიანებით გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ერიკ ფუხაევმა, თუმცა მომიტინგეები დე ფაქტო გენერალური პროკურორის და თავად ბიბილოვის გადადგომასაც ითხოვდნენ.

საპროტესტო აქციის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, მთავრობა დაეთხოვა.

რაც შეეხება დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას, „რადიო თავისუფლების” წყაროების ცნობით, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების ერთი ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვდა, თუმცა საერთო თანხმობა ჯერ ჯაგაევის გადადგომაზეა მიღწეული.