საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ორშაბათიდან ეტაპობრივად ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო დასავლურმა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა და „სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ კი მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა“.
„ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფინანსური სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ მანდატის ფარგლებში, საფინანსო სექტორის მეანაბრეთა ინტერესების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს მოემსახურება სს ბაზისბანკი. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად ვითიბი ბანკ ჯორჯიას ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს ვითიბი ბანკის ფილიალებში ბაზისბანკი მოემსახურება. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობში და ამ პირობებში ასრულებს თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას, იყოს ქართული საფინანსო სექტორის თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი“.