დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს. ბაჩალიაშვილის მშობლები მათი შვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) სპეციალისტების ჩართვას მოითხოვენ.
ბაჩალიაშვილის მშობლების მხარდასაჭერად ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბნენ მოქალაქეებიც, მათ შორის, 2017 წელს პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა FBI-ის სპეციალისტების ჩართვა ოფიციალურად უკვე მოითხოვა, აქციით კი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს სურთ მიაწვდინონ ხმა, რომ საელჩო დაეხმაროთ ამ მოთხოვნის შესრულებაში.
„FBI-ის ჩართვას ვითხოვ იმიტომ, რომ უკვე დარწმუნებული ვარ, მთლიანად წაშლილია დნმ-ის კვალი მანქანიდან, ასევე წაშლილი იქნება ფაილები კომპიუტერიდან. მგონია, რომ ამ მასალებს FBI-ის გარეშე ვერავინ აღადგენს და ვითხოვ მათ ჩართვას.
მოთხოვნა ადვოკატმა ოფიციალურად უკვე გადააგზავნა. მაგრამ მე, როგორც დედამ, ვერ მოვითმინე, გამოვედი ქუჩაში და მინდა, კელი დეგნანს მივმართო, როგორც ქალმა ქალს.
არანაირი სიახლე არაა, სრული ვაკუუმი. მილიონი კითხვა დავსვი და სადაც კი რაიმე მამხილებელი ფაქტორი მოვიძიე, ყველგან ჩიხში შემიყვანეს. ამან დამაეჭვა, რომ თავად არიან სათავეში მაღალჩინოსნები, ვისაც ამ საქმის ჩაფარცხვა უნდა“, – თქვა თეონა თამაზაშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ის პოლიციამ დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თავისსავე მანქანაში გარდაცვლილი იპოვა. პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ამის შემდეგ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაუმატა.
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები მიიჩნევენ, რომ მათი შვილი თავს არ მოიკლავდა და თამარ ბაჩალიაშვილი, სავარაუდოდ, მოკლულია.