„ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს“ - სასწრაფოს თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ

პუბლიკა

დღეს, 4 ნოემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ სასწრაფოს ექიმებმა, ექთნებმა და მძღოლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი შრომის ღირსეულ ანაზღაურებასა და პირობებს მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროსკენ მიემართებიან.

„მათი შემოთავაზება არის მხოლოდ მომავალ წელს 10%-ით [ხელფასის] მომატება. ეს ჩვენი დღევანდელი ხელფასი იმდენად მიზერულია, რომ ეს 10% მომავალ წელს კი არა, წელსაც ძალიან ცოტაა“, – ამბობს სასწრაფოს ექიმი, გიორგი ბოსტოღანაშვილი.

ბოსტოღანაშვილი „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, რომ ანაზღაურება 8-საათიან სამუშაო დღეში 50 ლარსაც არ შეადგენს, 10%-ით მომატების შემთხვევაში კი 55 ლარი გახდება – „ეს არის სასაცილო, არ შეიძლება ამხელა სამსახურში ასეთი დაბალი ანაზღაურება გვქონდეს“.

მისივე თქმით, მედიაციის პროცესმა უშედეგოდ ჩაიარა, მოთხოვნები უცვლელი რჩება და შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაქმებულები უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

„ჩვენ არ გვინდა რადიკალური ზომები. რა იგულისხმება, ამას მერე გეტყვით. ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებთ, [გაფიცვის] უფლება უკვე გვაქვს, თუმცა ვითვალისწინებთ მოსახლეობის მდგომარეობას და არ გვინდა ვინმე დაზარალდეს ჩვენი გაფიცვით. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი ოჯახები ზარალდება დაბალი ანაზღაურებით და უსუსური ფინანსური მდგომარეობით“, – ამბობს ბოსტოღანაშვილი.

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების უფროსი ექიმი, ნუგზარ ფოცხიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დანამატები, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იღებდნენ, თანამშრომლებს მოეხსნათ.

„განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. ვიღაცამ 100% დაიხვია ხელზე, 100% იმ გადმოსახედიდან მინიმალურია, როდესაც ჩვენ მიმდინარე წელს 50%-იანი დანამატი მოგვაკლდა. იმის მიუხედავად, რომ ინფლაციაა, ხელფასების მატება არ ხდება, მაგრამ მსყიდველობითი უნარი დაქვეითდა და ყველაფრის ფასი იზრდება. ჩვენ მომატების მაგივრად მოგვაკლდა“, – ამბობს ფოცხიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები წლებია, მოითხოვენ ხელფასის მატებას, იზრდება მხოლოდ ადმინისტრაციის ანაზღაურება.

„მგონი, ივლისი იყო, როდესაც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ჩვენი მატება იქნება ხელშესახები, თუმცა მედიაციაში, სადაც ოფიციალური მხარე იყო, განგვიცხადეს, რომ 2023 წლიდან მეტი არ იქნება. 5 წლის განმავლობაში მათ [ადმინისტრაციას] ხელფასი მოემატა 175%-ით და ექიმებს მოემატათ 24%-ით. 5 წლის განმავლობაში როდესაც ჩვენ ვითხოვდით, თვითონ ემატებოდათ“, – აცხადებს ფოცხიშვილი.

მისივე თქმით, მედიცინის სფერო დაბალანაზღაურებადი გახდა, რაც ხარისხზეც აისახება და ხალხზეც იმოქმედებს. მისივე თქმით, სამუშაო პროცესი ახლა არ ფერხდება, რადგან აქციაში მხოლოდ ის ექიმები მონაწილეობენ, რომლებსაც დღეს მორიგეობა არ უწევთ.

„ჩვენ ხალხის თანადგომის იმედი გვაქვს, რადგან ჩვენი ხალხისთვისა ვართ და თუ რამეზე თავს ვიკავებთ, ეს იმიტომ, რომ ხალხისთვის მომსახურება არ შეფერხდეს“, – ამბობს აქციის მონაწილე ექიმი.