ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები თავდაპირველად ზუგდიდის ბულვარში შეიკრიბნენ, ერთი საათის შემდეგ კი მსვლელობა დაიწყო, სამანქანო გზებზეც გადაინაცვლეს და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
„ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს არჩევნების გაყალბების აღიარება და ხელახალი არჩევნების გამართვა. ქართველი ხალხი ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს და აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. აუცილებლად უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და აუცილებლად უნდა წავიდეს ეს ქვეყანა დასავლეთისკენ”. – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი არჩილ თოდუა.
„პროცესები უნდა გაგრძელდეს. არავინ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი ხმების დასაცავად. მე ვესწრებოდი, როგორც ISFED-ის დამკვირვებელი ამ არჩევნებს და ვნახე, არჩევნები როგორ გაყალბდა. პირადად ვნახე, როგორი ზეწოლის, დაშინების, ფარულობის დარღვევის ქვეშ მიმდინარეობდა ეს არჩევნები. ამიტომ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რერუსრსს გამოვიყენებთ“. – თქვა მასწავლებელმა მიკო მიქავამ.
„ჩვენ ეს ბრძოლა არ დაგვიწყია არჩევნების შემდეგ. არჩევნებამდეც ვიბრძოდით და არჩევნების შემდეგაც, მაგრამ ყველამ იცის, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები, ფაქტობრივად, გაუქმდა. ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება, გაეკეთებინა რუსულ ხელისუფლებას. სწორედ ამას ვაპროტესტებთ. ეს პროტესტი იქნება უწყვეტი და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივაღწევთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს“. – თქვა „ძლიერი საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა გიორგი თოდუამ.