„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოებით 11 წუთის განმავლობაში ყაველაშვილმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ისტორიაზე, „მშვიდობის შენარჩუნებაზე“, ეკონომიკურ ზრდაზე, 2008 წლის ომსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე, მიმართა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს.
ყაველაშვილმა გამოთქვა დიალოგის მზაობა ყველა მხარესთან, თუმცა თქვა, რომ „ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას“. „ოცნების“ პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა.
„ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი. უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი, სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“,- თქვა მან.
ყაველაშვილმა თქვა, რომ საქართველო მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამშვიდობო ინიციატივა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, „ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი“.
მისივე განცხადებით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით.
„ჩვენი ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან როგორიცაა აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა.
ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი“,- თქვა ყაველაშვილმა.
მისივე მტკიცებით, „საქართველო გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია, რაც იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“.
„ოცნების“ პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მიმართა აფხაზებსა და ოსებს:
„მინდა მივმართო საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვწერდით საქართველოს ისტორიას. ისტორიას, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრების გმირობებით, საერთო ბრძოლით, ჩვენი ერის თვითგადარჩენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დიდი იმპერია, რომელიც სხვებს საკუთარ წესებს თავს მოახვევდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქვეყანა, რომელიც ამაყობდა საკუთარი მრავალფეროვნებით. საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს. ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშოა. ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, რომ ერთ დღესაც ჩვენს შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“,- თქვა მან.
ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს და ღიაა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი აწარმოოს გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა მხარესთან.
„საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი, მზადაა ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა ქვეყანასთან. არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შევძლებთ გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ქვეყნების, ხალხების და მომავალი თაობების სასარგებლოდ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ღმერთი ფარავდეს კაცობრიობას“, – თქვა ყაველაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას.