„ვითხოვთ უსაფრთხო გადასასვლელს“ - ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში, რკინიგზის ლიანდაგთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარედ მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ეს ის ადგილია, სადაც 8 აპრილს მატარებელი ბავშვს დაეჯახა, არასრულწლოვანი დაიღუპა. ადგილობრივი მოსახლეობა ლიანდაგზე უსაფრთხო გადასასვლელის მოწყობას ითხოვს, რადგან როგორც ამბობენ, ბავშვებს ამ გზის გავლა ყოველდღე უწევთ სკოლაში მისასვლელად. ლიანდაგის მეორე მხარესაა საბავშვო სკვერიც.

„აუცილებელი და სასწრაფოდ გასაკეთებელია ჯებირები, ღობე, პანდუსები, იმიტომ, რომ ბავშვები გადმოდიან, მიდიან. მხოლოდ აქ არა, 100 მეტრში საბავშვო სკვერია, საბავშვო მოედანია, ბავშვები დარბიან უმისამართოდ. შეშინებული ვართ მთელი უბანი, შეძრულები. სტადიონზე გაშვება გვეშინია, სკვერში გაშვების გვეშინია. […] სამი არაოფიციალური გადასასვლელია, მოსახლეობის მიერაა დაგებული ის ფიცრები, მე თვითონ ორჯერ ჩამივარდა ფეხი, ბავშვები უბრალოდ წინ გავაგდე, რომ ის ფეხი ამომეღო ფიცრიდან“, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები „ბათუმელებთან“.

ადგილობრივებმა განცხადება დაწერეს და აქციაზე შეაგროვეს ხელმოწერები.

8 აპრილს საქართველოს რკინიგზამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.