ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „პუბლიკას” დაუდასტურა.
ჩხაიძის თქმით, თემურ ქათამაძე მკურნალობას კლინიკა „ვივამედში“ აგრძელებს.
„გაფარ ილმაზი [თემურ ქათამაძე] შემოყვანილი იყო ჩვენთან გუშინ, საღამოს საათებში. ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, მოთავსებული იყო თერაპიულ განყოფილებაში. ახლა უგრძელდება სტაციონარული დახმარება ჩვენი კლინიკის პირობებში.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები, ჩვენ ავუხსენით მას მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ხანგრძლივობის შიმშილობას. მან სრულად გაითვალისწინა ჩვენი რჩევები და შეწყვიტა შიმშილობა”, – განაცხადა ჩხაიძემ.
დღეს, 5 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ( საია) გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.
თემურ ქათამაძე იმავე დღეს დააკავეს, რა დღესაც დააკავეს მზია ამაღლობელი – ის დააკავეს 11 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ხოლო როცა იზოლატორი დატოვა – 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია „ბათუმელებთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლო თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე 18 მარტს იმსჯელებს. საიას ცნობით, თემურ ქათამაძე აღნიშნული დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
28 თებერვალს ქათამაძემ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც ლაპარაკობს მიგრაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მხრიდან მუდმივ და მიზანმიმართულ ზეწოლაზე.