„ვიწყებ ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შექმნას“ - ანა დოლიძე

პუბლიკა

მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალის შექმნას იწყებს. მან მიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა.

დოლიძე წერს, რომ დღეს წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ საზოგადოების ნდობა და ქვეყნის განვითარების კომპეტენცია.

„დღეს მოძრაობა „ხალხისთვის“ ერთი წლის გახდა. ამ ერთი წლის განმავლობაშიც კი, როდესაც პანდემიამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, ჩვენ ერთად შევეჯახეთ და გადავწყვიტეთ ხალხისთვის ბევრი მტკივნეული საკითხი: დაწყებული აზარტული თამაშების პეტიციაზე ათი ათასი ხელმოწერით, რომელიც გარე რეკლამის მოხსნის და ამ თემაზე სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყეტის საფუძველი გახდა, დასრულებული წყლის უფლებისთვის ბრძოლით, რა დროსაც მერიასა თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე წნეხით, მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ, მაგ: სამგორის რაიონში. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 2020 საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა, რომ არსებობს სახალხო დაკვეთა დამოუკიდებელ და მებრძოლ ხმაზე ქართულ პოლიტიკაში. ამ ერთმა წელმა კიდევ უფრო მძაფრად დაგვანახა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად.

კორუფცია, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, ნეპოტიზმი, კრონიზმი, არაკომპეტენტურობა და პოლიტიკური მიკერძოებულობა შიგნიდან ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამავე დროს, პოლარიზებული და ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილი პოლიტიკური ელიტა ვერ წყვეტს უმთავრეს ამოცანას: პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ხალხის პრობლემები და ქვეყნის მომავალი პერსპექტივის ამოცანები.

ხელისუფლებისათვის, რომელიც მოსახლეობას ქვეყნის განვითარების გეგმას ვერ სთავაზობს, პოლარიზება მეხამრიდის როლს თამაშობს. ხუთთვიანი პოლიტიკური კრიზისის პირობებში დღის წესრიგის მიღმა მთლიანად დარჩა მთავარი: ჩვენი ქვეყნის მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის და მისი სწრაფი მოდერნიზების ამოცანა.

ასეთ ვითარებაში, ფაქტია, დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებიდან, არც ერთს გააჩნია საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კომპეტენცია იმოქმედოს პოლარიზაციის მიღმა ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოში მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესაქმნელად.

ამიტომ, გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა „ხალხისთვის“ შექმნიდან ერთი წლის თავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას – ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ“, – წერს დოლიძე.