ვიწყებთ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ბოლშევიკური რეჟიმისგან - დეკანოიძე

პუბლიკა

„ვიწყებთ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ბოლშევიკური რეჟიმისგან, ეს არის როდიონოვის რეჟიმი“ –  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ხატია დეკანოიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

დეკანოიძის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა დაასრულეს საკოორდინაციო შეხვედრა და ყველას აზრია, რომ „ეს იყო როდიონოვის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია“, ამასთანავე, დეკანოიძის თქმით, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზეც.

„სამომავლო გეგმები, როგორც იცით, იქნება მუდმივი პროტესტი. არ ვაპირებთ არც ერთი ადამიანი, რომელიც არის ამ შენობაში ან სახლში, არ ვაპირებთ, არც ერთი წუთით დავიხიოთ უკან. დღეს 3 საათზე ვიკრიბებით კანცელარიასთან და იქ დავაანონსებთ ძალიან დიდ შეკრებას, ახალ მანიფესტაციას, რომელიც ჩატარდება უახლოეს პერიოდში.

მე კიდევ მინდა მივმართო თითოეულ ადამიანს, რომელსაც გული შესტკივა სამშობლოზე, აქ საქმე  აღარ არის ნიკა მელიაზე, აქ საქმე არის გაცილებით უფრო დიდზე – ვაძლევთ თუ არა საშუალებას ივანიშვილის ოლიგარქიულ, პრორუსულ რეჟიმს, საბოლოოდ გადაგვიარონ თუ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ჩვენ,აქ მყოფები ვიბრძვით თავისუფლებისთვის.

პირობას ვაძლევ ყველაზე რეგვენს, ვინც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ყველაზე ზიზღის ენას აფრქვევდა, არ მოხდება ისე, რომ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას საფრთხე დაემუქროს“, – განაცხადა დეკანოიძემ.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.