„სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა, აქტივისტებმა და საზოგადოების წევრებმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს.
ისინი დღეს თბილისის პირველი გიმნაზიის წინ შეიკრიბნენ და საზოგადოებას მოძრაობის მიზნები გააცნეს.
პარტიის ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ საზოგადოების წევრები და აქტივისტები.
„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით.
ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, კოლაბორაციონისტებს ვაიძულებთ უკან დახევას, ვაიძულებთ უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით, ვიქნებით ხალთან ხალხის ინტერესების დასაცავად საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ.