პროფკავშირი: ვიწყებთ „შვებულება მენსტრუაციის გამო” ინიციატივის შემუშავებას

პუბლიკა

აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ წერს, რომ მენსტრუაციასთან დაკავშირებული ტაბუს აღმოსაფხვრელად, გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ღირსეული შრომის სტანდარტებისა და პირობების გაუმჯობესების მიზნით, იწყებენ საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას მენსტრუაციის გამო დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების დაკანონებისათვის.

„იმის გათვალისწინებით, რომ ქალები ბიოლოგიურად თვეში ერთხელ 3-7 დღის განმავლობაში განიცდიან მენსტრუაციას, რაც ბევრ ქალში იწვევს ისეთ ტკივილს, რომ მუშაობა უჭირთ, ქალები იძულებულები არიან, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები მიიღონ და მათი ზემოქმედების ქვეშ გააგრძელონ მუშაობა. აგრეთვე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს შრომის კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს ცვლილებებს, რომლებიც გააუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას, „ლაბორი“ ქალი დასაქმებულებისთვის აწესებს ანაზღაურებად შვებულებას მენსტრუაციის გამო.

„ლაბორის” ქალთა კომიტეტის ინიციატივითა და გამგეობის გადაწყვეტილებით – მენსტრუაციასთან დაკავშირებული ტაბუს აღმოსაფხვრელად; გენდერული თანასწორობის მისაღწევად; ღირსეული შრომის სტანდარტებისა და პირობების გაუმჯობესების მიზნით ლაბორი იწყებს საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას მენსტრუაციის გამო დამატებითი ანაზღაურებადი შევებულების დაკანონებისათვის”, – წერია ინფორმაციაში.