„ვიწყებთ პროტესტების სერიას, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და შინაარსი ექნება” – კვირას, 17:00 საათზე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა გაიმართება. ისინი შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ გაემართებიან.
„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით, მმართველმა პარტიამ, უგულებელყო უმრავლესობის ნება და საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მთავარი – არჩევანის თავისუფლება წაართვა.
საქართველოს სახელოვნებო სცენა პროტესტს უცხადებს რეჟიმს, რომელიც ებრძვის ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც სიტყვის, გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლებაა.
ქართული კულტურა საფრთხეშია და მასთან ერთად საფრთხეშია თავად ქართული იდენტობაც. ამის კარგი ილუსტრაციაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენებიც.
ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით არ გავჩუმდეთ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, დავიცვათ ადამიანის ძირეული უფლებები და ქართველი ხალხის არჩეული, ისტორიული ევროპული კურსი.
ვიწყებთ პროტესტების სერიას, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და შინაარსი ექნება. ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული კულტურა და იდენტობა – ვთხოვთ შემოგვიერთდეს.
მოძრაობის პირველი მსვლელობა კვირას, 17:00-ზე გაიმართება. შეხვედრის ადგილი – შოთა რუსთაველის ძეგლთან, რუსთაველის მეტროს გვერდით. სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად, მსვლელობის ბოლო წერტილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
კვირას ასევე დაგეგმილია:
- 15:00 საათზე ქალთა მარში – თავისუფლების მოედანი;
- 17:00 საათზე ლექტორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ერთობლივი მარში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.