„ბევრი მიფიქრია ამის შეცვლის ვარიანტებზე და მივედი დასკვნამდე, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს“, – პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში 600 000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, მისი თქმით, ნახევარი – 300 000 ადამიანი არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც არ მონაწილეობს ქვეყნის განვითარებაში.
„ადამიანს აქვს შიშის განცდა, თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს – შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას.
რაც მისთვის აღიქმება ტრაგედიად, იმიტომ, რომ ამის იქით ვეღარ ხედავს. რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, რომ გადაამოწმოთ, ყველა გეტყვით, რომ მუშა ხელს ვეღარ შოულობენ, მაგალითად, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშა ხელს ვეღარ შოულობენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რამდენიმე დღეში ის აგზავნის სამუშაო ჯგუფს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ამ მიზნით. ღარიბაშვილის თქმით, მოხდება სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება.
„მაგალითად, ჩვენ ვიწყებთ ქარსაცავების აღდგენას, რომელიც გაჩანაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ტყეების გაშენებას, ასევე მუნიციპალიტეტებში, რაიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ერთდროულად ათასობით და ათიათასობით სამუშაოები შეიქმნება.
ამ ადამიანებს დავუნიშნავთ ხელფასს და გამოვუძებნით მათი უნარების შესაბამის სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშილის თქმით, ადამიანი, ვინც მიდის უცხოეთში სამუშაოდ, მუშაობს, როგორც მძღოლი, მუშაობს მშენებლობაზე, რესტორანში და ა.შ. მისი თქმით, მთავრობას შეუძლია რომ ამ ადამიანებს იგივე შესთავაზონ ადგილზე.
„თუ ადამიანს შეეცვლება სტატუსი და აღარ იქნება სოციალური დახმარების მიმღები, არამედ იქნება დასაქმებული და მას მინიმუმ იგივე ანაზღაურება ექნება, რამდენიც ჰქონდა დახმარების მიღების დროს, მას შეეძლება, სხვა დამატებითი სამსახურიც ჰქონდეთ და სახელმწიფო ამ დახმარებას არ გაუუქმებს. შეიცვლება ამ ადამიანების მენტალიტეტი და ამ ადამიანების მიმართვა შეგვეძლება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.