„ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას“ | ღარიბაშვილი მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტების განვითარებას ეხება.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას.  ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობისაა და მუნიციპლიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე – რეკრეაციული სივრცეების  მოწყობას. რეკრეაციულ პარკებში ინფრასტრუქტურის განვითარებას. ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცენტრების რეაბილიტაციასა და მშენებელობას. ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის კურორტებისა და დასახლების ურბანულ განახლებას. შეიქმნება ახალი ტურისტული დასასვენებელი ცენტრები. საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ პირველ რიგში მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მლნ ლარს.

მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებს, ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დაახლოებით 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში ტენდერები უკვე აპრილში, ამ კვირაშივე გამოცხადდება და 63 მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ივნისიდან დაიწყება მასშტაბური სამუშაოები.