დღეს მოქალაქეებმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები გააპროტესტეს.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტს გასულ წელს გადაეცა, პარკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თუმცა, საინიციატივო ჯგუფის „იპოდრომი – უბეტონო მხარე“ დამფუძნებელი ელენე ცერცვაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ სამუშაოების დაწყებამდე საჭირო იყო პარკის შესახებ საჯარო დისკუსია მოქალაქეებსა და სპეციალისტებთან მისი სწორად განვითარების შესახებ.
ელენე ცერცვაძე ჰყვება, რომ დღევანდელ აქციაზე მათ მოსახლეობას გააცნეს საინიციატივო ჯგუფის გეგმა და გასულ თვეებში გაწეული სამუშაოები, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყდეს და ქალაქის ხელმძღვანელობამ მისი განვითარების შესახებ მოქალაქეებთან მსჯელობა დაიწყოს.
„ჩვენ დიდი ხანია დავიწყეთ პროტესტი, მაგრამ ახლა დავიწყეთ სამართლებრივი დავაც. პასუხი მოგვივიდა მერიისგან, რომ არ აქვთ არანაირი სამშენებლო დოკუმენტაცია. ასე რომ, 11 თვეა იპოდრომზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს.
დავა დავიწყეთ „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“ ერთად და ერთი საჩივარი შევიტანეთ მუნიციპალურ ინსპექციაში უკანონო მშენებლობაზე, რომელსაც ერთი თვე აქვს ვადა ამ რეაგირებისთვის. ჯერჯერობით ეს ვადა არ ამოწურულა, თუმცა, მათ რეაგირება აქამდეც არ მოუხდენიათ და ვეჭვობთ, რომ არც ახლა ექნებათ.
ამასთანავე, მოსახლეობას გავაცანით გეგმა სასამართლოში შესატან სარჩელთან დაკავშირებით და ვისაუბრეთ მომავალ შაბათ-კვირაზე, როცა ჩვენ ვგეგმავთ საჯარო დისკუსიას თბილისის მერობის კანდიდატებთან, ვაპირებთ მათ მოწვევას.
იმედი გვაქვს, მერობის კანდიდატები მოვლენ და მოსახლეობასთან ერთად განვიხილავთ პარკის პრობლემებს, ვისაუბრებთ მისი განვითარების გზებზე და ვეცდებით ჩამოვართვათ პირობა პარკის სწორად განვითარებაზე“, – ამბობს ელენე ცერცვაძე „პუბლიკასთან“.
დიზაინერისა და საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, მას შემდეგ რაც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყო, მათ თბლისის მერიას მიმართეს, რომ მიეღოთ ამ პროექტის შესახებ დოკუმენტაცია და მოსთხოვეს მუნიციპალიტეტს მოსახლეობის ჩართვა დისკუსიაში.
როგორც ელენე ცერცვაძე ჰყვება, მათ პასუხად მიიღეს, რომ მერია ამას ვერ გააკეთებდა, რადგან ის არაა ამაში კომპეტენტური და სამუშაოებს აწარმოებს „ქართუ ფონდი“.
„ეს წარმოუდგენელია, რადგან ამაზე ბევრად მცირე პროექტები, კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებიც კი შედის მათ კომპეტენციაში, არათუ ქალაქის ცენტრში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 35 ჰექტარი, რომელზეც სამუშაოები მიმდინარეობს. წარმოუდგენელია ასეთი პასუხი გაგცეს მერიამ. შეიძლება „ქართუ“ აწარმოებდეს სამუშაოებს, მაგრამ დამკვეთი უნდა იყოს მერია.
თანაც, აღსანიშნავია, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ესკიზური პროექტის საფუძველზე. არ არსებობს დეტალური პროექტი და ეს მშენებლობა შეიძლება თავისუფლად შეიცვალოს ხვალ-ზეგ“, – ამბობს ელენე ცერცვაძე „პუბლიკასთან“.
საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ სამართლებრივ დავასთან ერთად, გაგრძელდება პროტესტიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სამუშაოების შესაჩერებლად.