„ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც დაწერა მანდატების გაუქმებაზე განცხადება“ - ხაზარაძე „ლელოს“ ოფისში შეკრებაზე

პუბლიკა

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ იყო ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე „გირჩი“.

ხაზარაძემ განაცხადა, რომ დღეს მათთან ის პოლიტიკური პარტიები იყვნენ შეკრებილი, ვისაც პარლამენტის მანდატებზე უარის განცხადებები აქვთ დაწერილი.

„ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც დაწერა მანდატების გაუქმებაზე განცხადება. „გირჩს“ არ აქვს დაწერილი განცხადება მანდატების გაუქმებაზე და სწორედ ერთ-ერთი ეს საკითხი იყო განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები. მე მათი მჯერა, როცა ისინი ამბობენ, რომ არ შევლენ პარლამენტში. სხვა იქ არაფერი განხილულა. მოვისმინე, რომ ვიღაცამ გარიცხა, თუ გამორიცხა, რა სისულელეა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არც სკოლის კლასის დამრიგებლები ვართ და არც რაღაც კლუბი გვაქვს“,  – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.


დღეს, 25 იანვარს „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „ლელოში“ გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ვაშაძე დაგვემალა, „ლელო“ უხერხულ მდგომარეობაშია. გუშინ ვუსმენდი რომ, თურმე, ოპოზიცია ჩვენს გარეშე შეკრებილა „ლელოს“ ოფისში. მე უბრალოდ კითხვა მაქვს, ეს ხალხი ერთად რომ იკრიბება, „ლელოსთან“ მაქვს კითხვა, „ლელო“ არის მასპინძელი, მე რამე დავაშავე „ლელოსთან“? რატომ არ ვიყავი რაღაც შეხვედრაზე, სადაც ჩემი გარიცხვის საკითხი იხილებოდა? და საიდან გვრიცხავენ? მე რომ მითხრას ბატონმა ხაზარაძემ, არ მოხვიდეო, იქ ხომ მარტო „ნაცები“ დარჩებიან და უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ მიდის ასეთ პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე „ლელო“, რომ აეზილოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ღიად მიდის იმაზე, რომ მისი პარტია გახდეს ქუჩის პარტია, მისი პარლამენტის წევრები იყვნენ ქუჩაში იმიტომ, რომ ასე იქნებ უფრო მეტად მოუნდეთ აჯანყება. ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მე ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მაქვს ძალა, შევაჩერო პარლამენტარიზმის რღვევა, არ მაქვს ამხელა მანდატი,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიამ ისიც თქვა, რომ მისი სავარაუდო „გარიცხვის“ საკითხი „ევროპულმა საქართველომ“ წამოჭრა, რასაც მხარი „ლელომ“ და ნიკა მელიამ არ დაუჭირეს.