„ვიზეარი“ არსად არ მიდის, ტექნიკური საკითხია, ქუთაისის პარკინგზე ეყოლება ხომალდი თუ ბუდაპეშტში – თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. ნათია თურნავამ ავიაკომპანია „ვიზეართან“ დაკავშირებით განმარტა, რომ კომპანია საქართველოში რჩება და მას ხომალდი რომელ პარკინგზე ეყოლება და საიდან შეასრულებს ფრენას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„გუშინ მთელი დღე დავუთმეთ „ვიზეართან“ დაკავშირებით განმარტებას. ძალიან კარგად გვესმის – „ვიზეარი“ არის დაბალბიუჯეტიანი კომპანია და ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება თუნდაც „აირზენას“ სუპერ ძვირ ბილეთებზე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოსავალი იყო „ვიზეარი“. აქედან გამომდინარე, ეს არის სოციალურად სენსიტიური საკითხი. პოლიტიკურად სენსიტიური სხვადასხვა ჯგუფმა გახადა ეს საკითხი.

პირველ რიგში, მინდა, საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო, რომ „ვიზეარი“ არსად არ მიდის. ის რჩება საქართველოში, ის მოემსახურება ქართველ მგზავრებს ისევ ისე ხელმისაწვდომ ფასებში, როგორც ეს იყო. ეს კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც გუშინ განაცხადა.  ტექნიკური საკითხია, მას 2 ხომალდი ეყოლება ქუთაისში პარკინგზე თუ ერთი ხომალდი ეყოლება ბუდაპეშტში და იქედან მოემსახურება ფრენას, მაგრამ კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით, დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არის ოფიციალურად „ვიზეარის“ განაცხადი, რომელიც ჩვენ გვაქვს განხილვაში, 10-ზე მეტი მიმართულებით ფრენის აღდგენას ითხოვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მას პარკინგზე ხომალდი სად ეყოლება. როგორც უფრო ურჩევნია კომპანიას ამ რთულ პერიოდში, ისე მოიქცევა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.