„ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ავიარეისების სიხშირეს ამცირებს

პუბლიკა

უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით რეისების სიხშირეს ამცირებს. „აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მილანის მიმართულებით 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში 4 რეისის ნაცვლად ფრენა კვირაში ერთხელ – პარასკეობით შესრულდება.

„რომის მიმართულებით 18-დან 25 მარტამდე ოთხშაბათის რეისები გაუქმდა.
ქალაქ ბოლონიის მიმართულებით 17-დან 24 მარტამდე ფრენა კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება. ქალაქ ბარის მიმართულებით კი 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაუქმდა სამი ფრენა. რეისები კვირაში ერთხელ მხოლოდ კვირა დღეს შესრულდება“, – აღნიშნავს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.

დროებითი ცვლილება უკავშირდება კორონავირუსის საფრთხის მიზეზით შემცირებულ მოთხოვნას. ფრენის სიხშირე იტალიის მიმართულებით სხვა ქვეყნებიდანაც შემცირდა. 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა, ვირუსი დაუდგინდა.