ვიზიარებ ODIHR-ის დასკვნას - იყო დარღვევები, მაგრამ არჩევნები იყო სამართლიანი - კალიურანდი

პუბლიკა

„ძალიან ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტი არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ ვიზიარებ ODIHR-ის დასკვნას – იყო დარღვევები, მაგრამ არჩევნები იყო სამართლიანი და გამჭვირვალე, წერტილი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

კალიურანდის თქმით, ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება, მისცა მანდატები კონკრეტულ პარტიებს და მათაც პარლამენტში უნდა გააგრძელონ მუშაობა. ევროპარლამენტარი შიშობს, რომ თუკი შარლ მიშელის მიერ წამოწყებული მედიაცია შედეგს ვერ გამოიღებს და მოლაპარაკებები ჩაიშლება, საქართველოს ინტერესები დაზიანდება და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი უკანა პლანზე გადაიწევს.

„კომპრომისი ყოველთვის მოიცავს არაპოპულარულ ნაბიჯებს. კომპრომისზე ორივე მხარე უნდა წავიდეს. ეს მხოლოდ ერთი მხარის გასაკეთებელი არაა. შეთანხმება კომპრომისია. მე ვერ ვურჩევ ოპოზიციას ვერაფერს, ეს მათზეა დამოკიდებული, სად და როგორ უნდა წავიდნენ კომრპომისზე, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ.

მე მივულოცე ქართულ მხარეს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ წარმატება, შევეხეთ სხვადახვა საკითხებსაც, მათ შორის, პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში.

მე მოვუწოდე მათ, ეცადონ პოლიტიკურ ძალებთან კომპრომისის მიღწევას. იმისათვის, რომ ბატონი დანიელსონის მისია, რომელიც ბატონი მიშელის ინიციატივით შედგა, წარმატებული აღმოჩნდეს. ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის, რადგან ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, რომ სურთ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და გაერთიანებაში გაწევრიანება“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა („რუსთავი 2-ის“ თარგმანი).

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. კალიურანდის გარდა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ დღეს შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის საგარეო სამქეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დევიდ მაკალისტერთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დევიდ სასოლისთან. ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდება.