პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმოდგენილ გეგმას ახალ არჩევნებზე და ამისთვის საჭირო გადასადგმელ ნაბიჯებზე იზიარებს „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” და „ძლიერი საქართველო”.
„პუბლიკა” დაუკავშირდა პარტიას „გახარია საქართველოსთვის”. პრესსამსახურის თქმით, დღეს პარტიის წევრები რეგიონში არიან გასულები და ამ საკითხზე ისინი განცხადებას ხვალ გააკეთებენ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის ხედვას თსუ-ისთან მიმდინარე აქციიდან გამოეხმაურა:
„სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას – არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, არც ოპოზიციის მხრიდან. საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ, ამიტომ, ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ – ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით. არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ, როგორც აქ ითქვა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები ისევე, როგორც თქვენ და თქვენს ნდობას ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით”, – განაცხადა ვაშაძემ.
ზურაბიშვილს ასევე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა მელია:
„ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით მის პოზიციას, კერძოდ, ძალიან მოკლედ, გაყალბებული არჩევნების არაღიარება რჩება ძალაში, არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული არც ერთ დონეზე, არც საერთაშორისო დონეზე, არც საქართველოში. არ აღიარებს მას არც ერთი ოპოზიციური პარტია, არანაირი სამოქალაქო საზოგადოება და თავად ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად, ბრძოლა ახალი არჩევნების ჩატარების მოპოვებისთვის გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში”, – განაცხადა მელიამ.
„ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი პრეზიდენტის გეგმას სოცქსელში გამოეხმაურა:
„პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელიც ითვალისწინებს ლეგიტიმაციისა და კონსტიტუციური ფუნდამენტის შენარჩუნებას, რომელიც „ქართულ ოცნებასაც”კი
აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ამ ინიციატივას. აქვე, დღეს ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ საერთო ოპოზიციური საკოორდინაციო და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს შექმნის ინიციატივა (სახალხო პარლამენტი), რომელიც ახალ არჩევნებამდე მისასვლელ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს და კოორდინირებულს გახდის, როგორც შიდა კომუნიკაციაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით”, – წერს ხაზარაძე.
პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, თუმცა, მანამდე უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, მოხდეს საერთაშორისო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსის შეცვლა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ უნდა გაგრძელდეს 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობა და რადგან „არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს“ – არც პარლამენტი, არც მთავრობა, არ უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები.