ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენის აკრძალვა - ეს არის სანქცია, რაც რუსეთთან ესკალაციას ნიშნავს - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოზიციით, რუსეთთან ფრენის აკრძალვა და სავიზო რეჟიმის შემოღება იგივეა, რაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება. სანქციების დაწესება კი, პაპუაშვილის თქმით, მოიტანს ესკალაციას და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან.

„ნებისმიერი სანქცია ნიშნავს ესკალაციას. ესკალაცია ნიშნავს, მათ შორის, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. ამ რისკის წინაშე ჩვენ არ ვაპირებთ დავაყენოთ ჩვენი მოსახლეობა”,  – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუკი საქართველო რუსეთს ფრენას აუკრძალავს და სანქციებს შეუერთდება „რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებისა და შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იქნება.“

„თავად ოპოზიციამ საბოლოოდ, აღიარა რომ სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც ეხება ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას – ეს არის სანქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს იმას რომ შევდივართ ისეთ სპირალში, შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ როდესაც აწესებ სანქციებს, მოსალოდნელია იქნება საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ყველას შევახსენებ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრშია. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი. ასევე დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე”, – თქვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს სანქციების დაწესებას სთხოვს რუსეთისთვის, არ იძლევიან უსაფრთხოების გარანტიებს”.

„ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, ფრენების აკრძალვას, ისინი, ვინც ჩვენ გვთავაზობენ სანქციების დაწესებას, სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ ესკალაციაში რუსეთთან და შესაბამისად, რუსეთთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. ამავდროულად, ისინი, ვინც გვეუბნებიან სანქციები დავაწესოთ რუსეთს, არ გვაძლევს არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიებს. ნებისმიერი სანქცია ნიშნავს ესკალაციას, ესკალაცია ნიშნავს მათ შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. ამ რისკის წინაშე ჩვენ არ ვაპირებთ დავაყენოთ ჩვენი მოსახლეობა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.