ვიზიტი ტაილანდში, ე.წ. ბოტოქსისთვის და შვილის სწავლისთვის ხარჯები - რა თქვა სააკაშვილმა ბრალდებებზე

პუბლიკა

ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც მიხელ სააკაშვილიც ესწრებოდა. სააკაშვილმა პროცესზე ბრალდებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

  • ბრალდების მხარის მტკიცებით, სააკაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში თანხა ე.წ. ბოტოქსის პროცედურებისთვისაც დახარჯა. სააკაშვილის განმარტებით, ის მკურნალობის კანის სნეულებას, რომელიც 2008 წლის შემდეგ ნერვულ ნიადაგზე დაემართა.

„ლეგენდარულ ბოტოქსს რაც შეეხება, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და არ ვიცი, შეცდომაა ეს ამათი სამსახურის. გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, ეს თუ იყო კოსმეტიკური პროცედურა და თუ არ იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების, რომელიც 2008 წლის შემდეგ ნერვულ ნიადაგზე დამემართა, როგორც ექიმები ამბობენ, ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებზეც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ არის დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ და რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • მან ან ასევე ისაუბრა, თუ რატომ იმყოფებოდა ტაილანდში ვიზიტით.

„ვფიქრობ, ექვსი წელი აქ წყლის ნაყვა ხდებოდა და ძაან ბევრი მოისმინეთ, ახლა ერთხელ მეც უნდა მომისმინოს ყველამ. აი, მოვყვები, მაგალითად, ტელევიზორში ვნახეთ, სააკაშვილი იყო ტაილანდში და წარმოიდგინეთ ეგრევე ტაილანდი, თუმცა სექსინდუსტრიის გვარების დასახელებას დაგვპირდნენ და იცით, მეც მავიწყდება ასაკთან ერთად, ვისი მომსახურებით ვისარგებლე, მაგრამ ნუ არც პროკურატურა ასახელებს. არადა, კარგი იქნებოდა, რომ არქივში შემენახა. ვინ იყო ჩამოსული სტუმრებიდან, ჰილარი კლინტონი იყო სექსინდუსტრიის წარმომადგენელი, ევროპარლამენტის რომელიმე წევრი, თუ რომელი იყო ზუსტად სექსინდუსტრიის წარმომადგენელი, მაგრამ ეს ცალკე თემაა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • მისივე თქმით, ნამდვილად იმყოფებოდა ტაილანდში და იქ სტუმრების მასპინძლობა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს უკავშირდებოდა.

„ჩვენ ვიყავით ტაილანდში, რომ იცოდეთ, ხალხნო, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როდესაც რუსები ფულის ჩემოდნებით დარბოდნენ და იღებდნენ აღიარებებს ნაურუდან, ვანუატუდან და ა.შ. ძალიან ბევრი ასეთი კუნძულოვანი სახელმწიფოდან. რამდენადაც ვიცი, ტუვალუს აღიარება დაუჯდათ ერთი მლნ დოლარი, პირდაპირ ჩემოდანი ჩაახუტეს სოჩაში ჩამოყვანილ ტუვალუს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩააფრინეს ნიუ იორკიდან სოჩაში და მერე გადაიყვანეს სოხუმში.

ამ სიტუაციაში ჩვენ გვეხმარებოდა ავსტრალიის მთავრობა. ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, სამიტი იყო ჩრდილოეთ კორეაში, თუ არ ვცდები და გვითხრა, რომ მანამდე სადმე შენ წაიყვანე რამდენიმე მათი მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი და დაელაპარაკეთ ისე, არაფორმალურ სიტუაციაში, ეს იქნება თქვენთვის კარგი.

ჩვენ ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ფასიანი საჩუქრები, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ თითოეულს და ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, რადგან ეს ფული მე არ მქონია. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს ფული იმისთვის, რომ არ მომხდარიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია. პრორუსულ მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს არ სიამოვნებს. დიახ, პირველად ვამბობ დღეს ამას. ჩავიყვანეთ, მოვთაფლეთ, დავალევინეთ, ვაჭამეთ, მოვესიყვარულეთ და საჩუქრებიც ჩავუდეთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

  • სააკაშვილმა ასევე ისაუბრა მისი შვილის სწავლის ხარჯებზე.

„წეღან ახსენეს ჩემი შვილი ედუარდი, რომ დავხარჯეთ მის სწავლაზე ამერიკულ აკადემიაში, სადაც ის იყო ყველა დროის საუკეთესო კურსდამთავრებული, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ამერიკული აკადემიის არქივებში. მეგობრებო, 2013 წელს 5 მილიონი გადავურიცხე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, თუ არ ვცდები ციფრი ასეთი იყო, 5 მილიონს მინუს-პლიუს, ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად.

უფრო სწორად 6 მილიონ 300, თქვენ რამდენი გადარიცხეთ? ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდი არის ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომლის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებული რაღაც რეკორდით, მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება.” – განაცხადა სააკაშვილმა.