ვხედავ პოლიტიზების საფრთხეს - პაპუაშვილი ციხეში დეპუტატების არშეშვებაზე

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა ვერ მიიღო.

ანა ნაცვლიშვილის პასუხად შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და პატიმრის მონახულება არაა დეპუტატის უფლება, ესაა პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე.

პაპუაშვილი ამბობს, რომ „სამწუხაროდ, ამ უფლების გამოყენება ხდება ექსტენსიურად პარლამენტის წევრების მხრიდან“ და სცდება ხოლმე იმ ზღვარს, რომელიც არის წესით განსაზღვრული.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა ეს კონკრეტული ბრალდებული პირი, ასევე მისი ადვოკატი შეუფერხებლად შედის შიგნით, ყველაფერი საჯაროა და არ მგონია, რომ არსებობს დამატებითი საჭიროება, უფლებრივის მხრივ, აქ ჩარევისა.

მეორე მხრივ, მე ვხედავ ამ საკითხის პოლიტიზების საფრთხეს და თქვენს გამოსვლასაც, ქალბატონი სალომეს გამოსვლასაც სწორედ ეს შინაარსი გასდევს თან, რომ აქ გინდათ პოლიტიკური ასპექტი ჩადოთ და ეს არის საფრთხე მათ შორის მართლმსაჯულებისთვის“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მარტის აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს თავდაპირველად მასთან ადვოკატი არ შეუშვეს, ასევე გრიგორიადისს პენიტენციურმა დაწესებულებამ თმის გადაპარსვა მოსთხოვა. მას ამის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა დაემორჩილა მოთხოვნას.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. მათივე მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ.