გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა გზაზე ჯებირები მაინც რჩება. მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი მირზა ნოზაძე ამბობს, რომ მათი მოთხოვნაა ბლოკპოსტი გაუქმდეს, რაც რკინის ჯებირების სრულად აღებას და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას გულისხმობს.
„ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ბლოკპოსტი გაუქმდეს. ჩვენ დილით ვნახეთ პოლიციის მანქანები, რომლებმაც აიღეს ნაწილი რკინის კედლის, თუმცა არ ყოფილა კომუნიკაცია პოლიციისგან ან ხელისუფლებისგან რომ ისინი აპირებენ ბლოგპოსტის აღებას.
შესაბამისად, შეფასება იმის რომ რკინის კედელი აიღეს არის ნაჩქარევი და არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ვხედავთ ნაწილობრივ დატოვებულ რკინის კედელს და სრულად დატოვებულ ჯებირებს. ასევე პოლიციისგან დაცულ ბლოგპოსტს, სადაც გადაადგილება ისევ შეზღუდულია, როგორც აქამდე. ამიტომ ამ ტაპზე არანიარი ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე რომ რკინის კედელი აიღეს ეს არის სიცრუე და ემსახურება ხალხის დეზინფორმირებას.
რა თქმა უნდა ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ შეტყობინებას რას აპირებს ხელუსუფლება ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით. როგორც კი გვექნება მათი პასუხი აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას, “- ამბობს აქტივისტი.
11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. ამ დღიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიციამ 14 აპრილს ადგილზე რკინის ღობეც აღმართა და პროტესტის მონაწილეებს ხეობაში არ უშვებდა. მათი თქმით, „უსაფრთხოების მიზნით“, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე „დროებით” იზღუდებოდა.
გზის გახსნა და ნამოხვანში დაბრუნება არის ერთ-ერთი პირობა დიალოგის განახლებისთვის – 16 აპრილს ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მოძრაობის – „რიონის ხეობის” გადარჩენისთვის” აქტივისტის ვარლამ გოლეთიანი თქმით, მათ წამოაყენეს სამი პირობა იმისთვის, რომ დიალოგის გაგრძელება იყოს შესაძლებელი.
„შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, აიღონ ის რკინის ფარდა, რომელიც იქაა. შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავბრუნდეთ პროტესტის ადგილას – ნამოხვანში. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დაგვიბრუნონ იქ”, – განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ.