„დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის”, – ამის შესახებ კომპანიის განცხადება „პუბლიკას” მან თავად მიაწოდა.
„მომდევნო დღეებში დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დავით ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.
გოლეთიანი ამბობს, რომ მოძრაობისა და მათი მხარდამჭერების მიერ დაგეგმილი აქცია ძალაში რჩება და მხარდამჭერებს გაერთიანებისა და მობილიზებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ლიცენზიის გაუქმებას ვითხოვთ და ვფიქრობთ, რომ საერთოდ ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანების გონების არევას…ჩვენი გააქტიურების დღიდან, რაც დავიწყეთ ქუჩაში პროტესტი და ჩავატარეთ პირველია ქცია რაჭაში, იქედან მოყოლებული ხან დეპარტამენტი, ხან თანამდებობის პირები აკეთებდნენ სხვადასხა ტიპის განცხადებებს რომ თითქოს რაღაცა ჩერდება, გაუქმდება და და ა.შ
პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ, რომ ლიცენზია არ უქმდება, მაგრამ მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად, რომ პროტესტი არ აგორდეს, რომ ასეთი საკვანძო მომენტების წინ, ახლა როცა დედაქალაქში გადმოგვაქვს პროტესტი, ცდილობენ ჩააცხრონ. ამიტომ კეთდება ეს განცხადებები.
ვხედავთ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა – გაუქმდეს ლიცენზია, ლიცენზია გაუქმებული არ არის, ამიტომ გადმოვალთ აქეთ, ეს პროტესტიც გადმოვა [დედაქალაქში]“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა live ჩართვისას.
გოლეთიანი ამბობს, რომ ხიდაშელის დღევანდელი განცხადება „ყველასთვის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ კი არ მოდუნდნენ, პირიქით – გააქტიურდნენ.“
რაჭაში მიმინარე პროტესტი დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით თბილისში გადაინაცვლებს.
გოლეთიანი ამბობს, რომ შაბათს 12 საათზე დაიძრებიან ამბროლაურიდან, მცხეთასთან შეიკრიბებიან მხარდამჭერებთან ერთად და ერთობლივი მსვლელობით დაიძრებიან სამინისტროსთან, სადაც საპროტესტო კარავს გაშლიან.
რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს.
მოძრაობის განცხადებით, ლიცენზია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია.
მათი თქმით, 3 ნოემბერს სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაუგზავნეს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს და დღემდე ელოდნენ პასუხის შეკითხვაზე: გაუქმდებოდა თუ არა აღნიშნული ლიცენზია.
მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ასევე ამბობს, რომ ვინაიდან არსებობს ლიცენზიის გაუქმების მკაფიო საფუძვლები, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ხედვა საკითხის მხოლოდ დროში გაჭიანურებას ემსახურება. მათივე თქმით, სამინისტროს წარმოდგენილი ორი ფაქტორიდან (კომპანიის მხრიდან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის წარმოუდგენლობა ან/და დაცული ტერიტორიის შექმნა) არცერთი არ გულისხმობს ლიცენზიის გაუქმების უპირობო საფუძველს, შესაბამისად, მისი აზრით, არ არსებობს მყარი გარანტიები, რომ ლიცენზია ნამდვილად გაუქმდება.