ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, გოგაშვილი იტყუება - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებებზე შეკითხვებს უპასუხა.

როგორც მან  ჟურნალისტებთას უთხრა, ტყუილია სოსო გოგაშვილის წერილი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით 2016 წელს ვლადიკავკაზში ჩავიდა სუს-ის დელეგაცია.

„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, 5-6 ვიზიტი მაქვს. ჩავდიოდით ჩვენ ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს. იყო ასი წლისთავი, როდესაც მინსკში ჩამოსულები იყვნენ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, რუსებიც, გერმანელებიც. შეხვედრა პირისპირ არასდროს არ ყოფილა და ვერ დაიდება ვერასდროს. ხელმძღვანელობა რუსეთის როგორ არ იყო იქ, მინსკში იყო და მიულოცეს ბელარუსის მთავრობას.

ზღაპრებია ეს… საიდან იგონებთ. რაც მოჰყვა ბატონმა გოგაშვილმა, [ძალიან სამწუხაროა, ახლა, რასაც აკეთებს და რასაც იგონებს], ის რომ ვითომ ჩავიდა, თავის მძღოლთან ერთად ჩამოიყვანა და ცხვარი დავკალით, საგურამში ვიქეიფეთ თუ რაღაც, აბსურდია, რა თქმა უნდა, იტყუება. მე რესტორანი არ მქონია არასდროს და არც ახლა მაქვს”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ის მინსკში ერთ სივრცეში კი ყოფილა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბორტნიკოვთან ერთად, მაგრამ მას პირისპირ არ შეხვედრია.

ის ასევე ამბობს, რომ, თუკი პარლამენტში ამ საკითხზე შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რასაც დეპუტატების ნაწილი მოითხოვს, ის მივა და ყველა კითხვას უპასუხებს.


სიუჟეტში, რომელიც „ნოდარ მელაძის შაბათში“ 10 სექტემბერს გავიდა, საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, 2016 წელს ვლადიკავკაზში ჩავიდა სუს-ის დელეგაცია, რომელსაც,  ჟურნალისტის მტკიცებით, სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შეხვედრა უნდა დაეგეგმა.

სიუჟეტის მიხედვით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე სოსო გოგაშვილი, გენინსპექციის მაშინდელი ხელმძღვანელი იოსებ ჭელიძე, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ირაკლი ჩიმაკაძე და სუს-ის თანამშრომელი ალექსანდრე სამხარაძე, სოსო გოგაშვილის დაცვის თანამშრომელი. სიუჟეტის წყარო სწორედ ალექსანდრე სამხარაძეა.

ალექსანდრე სამხარაძის თქმით, ვლადიკავკაზში სოსო გოგაშვილი „ეფესბეს“ გენერალ სედოვს შეხვდა. სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაციას წერილობით ადასტურებს სოსო გოგაშვილიც.

წერილში, რომელიც სიუჟეტის ავტორის მტკიცებით, გოგაშვილს ეკუთვნის, აღნიშნულია, რომ შეხვედრის მიზანი ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებს შორის კომუნიკაციის გამყარება, კონტრაბანდისთვის უსაფრთხო დერეფნების მოწყობა, რუსეთის მოქალაქეების დახმარება, ასევე რუსეთში ძებნილი პირების არალეგალური გადაცემა იყო.

სიუჟეტის მიხედვით, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრიდან მალევე ვახტანგ გომელაური ვლადიკავკაზში არაფორმალურ შეხვედრაზე „აირზენას“ თვითმფრინავით ფარულად ჩავიდა, თუმცა ამ ინფორმაციას „აირზენას“ დირექტორი არ ადასტურებს.

როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, შეხვედრა კიდევ რამდენჯერმე შედგა და ამ შეხვედრების შედეგად საქართველო რუსეთიდან სირიისკენ საზღვაო და სახმელეთო ტვირთის გამტარი გახდა. სავარაუდოდ, გოგაშვილის თქმით, ამ ტვირთების შესახებ მოგვიანებით დასავლეთის სპეცსამსახურებმაც შეიტყვეს.

ამავე რეპორტაჟში იყო ინფორმაცია 2017 წელს რუსეთის სპეცსამსახურების დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლისა და ვახტანგ გომელაურის მიერ მცხეთასა და თბილისში მასპინძლობის შესახებ.

სიუჟეტში ამჟამინდელი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, იოსებ ჭელიძისა და ირაკლი ჩიმაკაძის საპასუხო პოზიცია არ არის გადმოცემული.

სიუჟეტში მოთხრობილ ამბავთან დაკავშირებით სოსო გოგაშვილის სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოქვეყნდა.