ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს - РИА Новости

პუბლიკა

რუსული პროსახელისუფლებო მედიაგამოცემის РИА Новости-ს ინფორმაციით, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

РИА Новости ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც გამოცემის მიხედვით კარგად იცნობს სიტუაციას. „დიახ, ის ახლა საავადმყოფოშია“, – ამბობს წყარო რუსულ გამოცემასთან.

როგორც გამოცემა წერს, თავად საავადმყოფო უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე. ჟირინოვსკის პარტიაში კი აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას აგრძელებს.

თავდაპირველად ჟირინოვსკის ჰოსპიტალიზაციაზე ინფორმაცია Telegram-ის არხებზე გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 75 წლის ჟირინოვსკი საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონიის გამო გადაიყვანეს. ერთ-ერთი Telegram-არხი წერდა, რომ ჟირინოვსკის ორივე ფილტვზე აქვს ანთება და ის 50-75%-ით აქვს დაზიანებული.

ვლადიმერ ჟირინოვსკი დეკემბერში ამბობდა, რომ ის „სპუტნიკის“ ვაქცინით უკვე რვაჯერ აიცრა. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თქმით, ის შეიძლება ერთადერთია, ვინც კორონავირუსის ვაქცინით ამდენჯერ აიცრა.