ვლადიმერ ხუჭუამ ისევ შეაჩერა ადმინისტრაციული საქმეები და საკონსტიტუციოს მიმართა

პუბლიკა

გუშინ, 10 დეკემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უკვე მე-6 საქმეზე შეაჩერა საქმისწარმოება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ ჯარიმის გადაუხდელობის გამო ხანგრძლივი პატიმრობა და რამდენიმე წლით უფლებების ჩამორთმევა არ არის სამართლიანი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ შეჩერებული საქმისწარმოება ეხება წვრილმან ხულიგნობას [ასკ-ის 166-ე მუხლი], ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას [ასკ-ის 173-ე მუხლი].

ეს მუხლები ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხევაში კი გათვალისწინებულია პატიმრობა „არანაკლებ პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა“.

სწორედ ეს მუხლები გამოიყენება პროტესტში მონაწილეთა წინააღმდეგ.

ვლადიმირ ხუჭუა საკონსტიტუციო სასამართლოსგან ასევე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნას მიჩნეული კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვიას და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევა.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიაჩნია, რომ ეს კანონმდებლობა, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წელს მიიღო, საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს.

„მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს წარმოებაში არსებულ ყველა საქმეზე, სადაც მე დავინახე და ვფიქრობ, რომ კონკრეტული ადამიანის უფლება შეიძლება, დაირღვეს იმიტომ, რომ კანონი, რომელიც მე უნდა გამოვიყენო, არღვევს მის უფლებას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“. – თქვა ვლადიმირ ხუჭუამ „ფორმულასთან“.

მისივე თქმით, მის მიმართ პირდაპირ თუ ირიბად ყოფილა „თავშეკავებისკენ მოწოდება“.

„თუმცა მგონია, რომ დარწმუნებულები არიან და იციან, ამას ჩემზე გავლენა ვერ ექნება“. – ამბობს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა.