ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავის გარემოცვაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დღე იქნება პუტინი კარანტინში.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა იმ პირებს შორის, ვისთანაც პუტინს ურთიერთობა ჰქონდა და ამის შემდეგ პუტინმა ტესტიც გაიკეთა. თუმცა, პესკოვი დასძენს, რომ პრეზიდენტის კარანტინში გადასვლა მას სამსახურეობივი მოვალეობის შესრულებაში ხელს არ შეუშლის და დაგეგმილ შეხვედრებზე ვიდეოზარით ჩაერთვება.

კარანტინში შესაძლო გადასვლაზე თავად პუტინიც საუბრობდა. როგორც რუსული მედია წერს, გუშინ ვლადიმერ პუტინმა პარაოლიმპიელებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მის გარემოცვაში ბევრს დაუდასტურდა კორონავირუსი და მას, სავარაუდოდ, კარანტინში გადასვლა მოუწევდა. თუმცა პესკოვმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „პრეზიდენტი ამას გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა“.

ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ინფორმაციით რუსული ვაქცინით, Sputnik V-ით არის აცრილი. ამასთან ერთად, როგორც რუსული მედია წერს, ივლისის ბოლოს პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის გარემოცვა უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავს ტესტირებითა თუ კარანტინით.