ვლადიმერ პუტინი: ვინც რუსეთს უღალატა, გარდაუვალად აგებს პასუხს

პუბლიკა

რუსეთის არმიამ მიიღო ბრძანება, გაანეიტრალოს შეიარაღებული ამბოხება. – ამბობს ვლადიმერ პუტინი სპეციალურ მიმართვაში.

მისი თქმით, პასუხი იქნება მკაცრი და ვინც სამშობლოს უღალატა, აუცილებლად დაისჯება.

რუსეთის პრეზიდეტმა 1917 წელს შეადარა მიმდინარე მოვლენები და თქვა, რომ რუსეთს მაშინაც ასე მიაყენეს დარტყმა.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს ყველანაირი საფრთხისგან, მათ შორის საშინაო ღალატისგან“, – ამბობს პუტინი


რუსული სამხედრო დაჯგუფების, ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, მისი მებრძოლები როსტოვში შევიდნენ და სამხედრო შტაბი აიღეს. პრიგოჟინის თქმით, მათ ჩამოაგდეს რუსული სამხედრო ვერტმფრენები. პრიგოჟინი იმუქრება, რომ „გაანადგურებენ ყველას და ყველაფერს, რაც წინ გადაეღობებათ“.

მოვლენების დასაწყისი

გუშინ, დილით ვაგნერმა ტელეგრამზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის ძალებმა ვაგნერის ბანაკები დაბომბეს, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ. პრიგოჟინის განცხადებით, დაისჯება ყველა, ვინც ეს ჩაიდინა. მან რუსეთის თავდაცვის მინისტრს ლაჩარი უწოდა და პასუხისგებით დაემუქრა. იგი სერგეი შოიგუს ბრალს სდებდა ვაგნერზე შეტევაში.

ამ დროიდან სამხედრო დაჯგუფების ნაწილები როსტოვისკენ დაიძრნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაგნერზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პროვოკაციაა.

ამ დრომდე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მოვლენებს გამოეხმაურნენ რუსული ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები.

სერგეი სუროვკინმა, უკრაინაში მებრძოლი ჯარების მეთაურის მოადგილემ, ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდა – „ჩვენ ერთი სისხლის ვართ, ერთად ვიბრძვით. ერთად განვიცდით დანაკარგებს“, – თქვა მან.

განცხადება გაავრცელა კიდევ ერთმა გენერალმა, ვლადიმერ ალექსევმა, რომელმაც მიმდინარე მოვლენებს სიგიჟე უწოდა და თქვა, რომ ეს უნდა შეჩერდეს.

ამ დროისთვის

რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული. დაცვის ქვეშაა აყვანილი სახელმწიფო და სამხედრო დაწესებულებები.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, იგეგმება ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა. პესკოვი არ აკონკრეტებს მიმართვის თემას, სავარაუდოდ, ეს „ვაგნერის მარშს” შეეხება.