ვლადიმერ პუტინმა დონბასში არსებული ვითარება გენოციდად მოიხსენია

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში არსებული მდგომარეობა გენოციდად მოიხსენია. მისი თქმით, რუსოფობია გენოციდისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და ის, რაც დონბასში ხდება, ეს ძალიან ჰგავს გენოციდს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ადამიანის უფლებადამცველებთან შეხვედრისას ისაუბრა. ახალი ამბების სააგენტოს Россия сегодня-ის ხელმძღვანელმა კირილ ვიშინსკიმ პუტინს ჰკითხა, ხომ არ არის საჭირო, რომ რუსულ კანონმდებლობაში აისახოს „გენოციდი“ და „გენოციდისკენ მოწოდება“?

ვიშინსკის პასუხად კი პუტინმა განაცხადა, რომ ამ ტერმინებთან სიფრთხილეა  საჭირო, თუმცა მათ, რა თქმა უნდა, რეალობა უნდა ასახონ.

„მინდა ვთქვა, რომ რუსოფობია გენოციდისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ის რაც ახლა ხდება დონბასში და თქვენც კარგად ხედავთ, რა თქმა უნდა, ძალიან მოგვაგონებს გენოციდს, რაზეც თქვენ საუბრობდით“, – მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვიშინსკის.

პუტინი დასძენს, რომ ტერმინი „გენოციდის“ გაუფასურება, რასაკვირველია, არ უნდა მოხდეს, მაგრამ მისი რუსულ კანონმდებლობაში ასახვაზე ფიქრი შეიძლება.

„მან უნდა ასახოს იმ მოვლენების რეალური სურათი, რაც ხდება. ვიფიქროთ ამაზე“, – დასძენს ვლადიმერ პუტინი.