ვლადიმირ პუტინი ვიზიტით ინდოეთში იმყოფება.
რუსეთის პრეზიდენტი დელიში 4 დეკემბერს ჩაფრინდა. აეროპორტში მას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი დახვდა.
შეხვედრების ძირითადი ნაწილი დღეს, 5 დეკემბერს იმართება.
საერთაშორისო მედიის თანახმად, პუტინმა და მოდიმ უკვე განიხილეს ვაჭრობის საკითხები, ასევე დასავლეთის მხრიდან უკრაინაში რუსეთის ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ასევე, აშშ-ის მიერ ინდოეთისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფი რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის გამო.
ეს პუტინის პირველი ვიზიტი ინდოეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
მედია წერს, რომ მოსკოვი იმედოვნებს, რომ ინდოეთთან, რომელიც ისედაც არის რუსული იარაღის უმსხვილესი მყიდველი, კავშირებს გაიღრმავებს. ოფიციალური პირების თქმით, რუსეთს 2030 წლამდე ინდოეთთან ვაჭრობის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდა სურს.
„ინდოეთი ნეიტრალური არ არის – ინდოეთს თავისი პოზიცია აქვს და ეს პოზიცია მშვიდობისკენაა მიმართული“, – განუცხადა მოდიმ პუტინს მოლაპარაკებების დაწყებისას.
თავი მხრივ, პუტინმა მოდის მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა – და თქვენ მომეცით ეს შესაძლებლობა – დეტალურად გვესაუბრა უკრაინის საკითხზე მიმდინარე მოვლენებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ჩვენ სხვა პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად ვდგამთ ამ კრიზისის შესაძლო მშვიდობიანი მოგვარებისკენ“, – განაცხადა პუტინმა.
India Today-ისთან ინტერვიუში დასმულ კითხვაზე, თუ როგორ გეგმავენ რუსეთი და ინდოეთი ენერგეტიკული ვაჭრობის მართვას ტრამპის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ინდოეთზე 25%-იანი სადამსჯელო ტარიფების დაწესების ფონზე, პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთისა და ინდოეთის ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე „არსებული პირობები, დროებითი პოლიტიკური რყევები ან უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები გავლენას არ ახდენს“.
მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვები უმნიშვნელოდ შემცირდა, თუმცა, საერთო ჯამში, ვაჭრობა სტაბილური დარჩა.
პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსულმა ბიზნესსუბიექტებმა უკვე დაამყარეს მყარი და ეფექტური კომერციული ურთიერთობა ინდოეთთან, რომელიც ორმხრივ ნდობაზეა დაფუძნებული.