„ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა Pfizer-ის დამატებით შემოტანაზე“ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა Pfizer-ის კიდევ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში განაცხადა. პრემიერის განცხადების წერილობით ვერსიას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერის თქმით, დაახლოებით მილიონი ადამიანი უახლოეს 10 დღეში აიცრება.

„აქედან ნაწილი ერთჯერადად, ნაწილი კი ორჯერადად აცრილი იქნება. ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი. ვუსმენ რა ჩვენს ექიმებს და სპეციალისტებს, მესმის, რომ შესაძლოა, 1 მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ჯამში გამოდის 3 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, საიდანაც 2 მილიონი იქნება აცრილი, მილიონს გადატანილი ექნება კოვიდი. ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება რთული პერიოდი. ამას ემატება საარჩევნო კამპანია“, – აღნიშნა პრემიერმა.