ვმუშაობთ მეან-გინეკოლოგებით დაკომპლექტებული ონლაინკლინიკის შექმნაზე ინფიცირებული ორსულებისთვის – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ორსულების გარდაცვალების შემთხვევები უკიდურესად საგანგაშოა. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე სამინისტრო შეხვდა მეან-გინეკოლოგთა ასოციაციებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიურად გაგრძელდება ორსულებზე მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩართვა.

„მათ შორის [იქნება] ორსულების ტესტირება. ორსული თუ სადმე მივა, ნებისმიერი მიზეზით, სამედიცინო გამოკვლევაზე, მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ კოვიდტესტირება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სიმპტომი.

ასევე, ვმუშაობთ ცალკე ონლაინკლინიკის მოწყობაზე, სპეციალურად დაკომპლექტებული მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც გაუწევენ კონსულტაციას კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე.

დღევანდელი ონლაინკლინიკები ოჯახის ექიმებით არის დაკომპლექტებული. ბუნებრივია, ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ ორსულის კონსულტირება, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩაითვალა სპეციალური ჯგუფის შექმნა“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ფაიზერით“ აცრა ორსულებისთვის უსაფრთხოა  და მოუწოდა ფეხმძიმე ქალებს, რაც შეიძლება მალე აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.