ვმუშაობთ პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე - პრემიერი

პუბლიკა

„ჩვენ დავიწყეთ უკვე ახალი ტალღა ამ მუშაობის, მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერაზე, ასევე ბიზნესის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე. მის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე, ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად იპოვონ გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკას, შემდგომი ზრდის პოტენციალისა და მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას.

„ეს არის რამდენიმე უკვე კარგად აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის კუთხით, იმ მოქალაქეების, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ასევე ყველაზე მოწყვლადი ოჯახების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა და, ასე ვთქვათ, ყველაზე დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საგადასახადო შეღავათების მთელი პაკეტი. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები, როგორც კონკრეტულ, სექტორალური ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე, ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს როგორც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი და საერთაშორისო პარტნიორები.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პოსტკრიზისულ ეკონომიკაში მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.