ვმუშაობთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსაყვანად - თალაკვაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს წქართულ მხარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით ჩამოსვლა სურს. თალაკვაძე აცხადებს, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში.

„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოყვანა ქვეყანაში, რადგან პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ატარებს უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამაში ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი პარტნიორების“, – განაცხადა თალაკვაძემ.


პარტია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე, რომ ისინი იმალებიან ე.წ. კრიზისის, პანდემიის უკან და იმედოვნებენ, რომ დამკვირვებლების რაოდენობა შესაბამისად, მცირე იქნება“, – განაცხადა ბრიფინგზე პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, გაუუქომოს საერთაშორისო დამკვირვებლებს კარანტინი და გაუმარტივოს ქვეყანაში შემოსვლა; ასევე, კაპანაძის თქმით, ხელისუფლებამ ვალდებულება უნდა აიღოს მათი ჯანმრთელობის დაზღვევაზე და დაინფიცირების შემთხვევაში, მათი მკურნალობის ხარჯებიც დაფაროს.