საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო ცნობებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რის საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.
სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
უწყების ცნობით, ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.
მათივე ინფორმაციით, მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, არცერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არცერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.