ვმუშაობთ TikTok-ზე ოკუპირებული ტერიტორიების დეფინიციის შესასწორებლად - საგარეო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, TikTok-ის აპლიკაციაში ცალკე სუბიექტებად შეტანილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფინიციის შესასწორებლად მუშაობა დაწყებული აქვთ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე.

არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის TikTok საკითხზე, როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სოციალურ ქსელ TikTok-ში ქვეყნებს შორის ჩამონათვალში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალკე სუბიექტებად აღნიშვნაზე ინფორმაცია გუშინ ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა.