ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ უფრო მეტი კონტროლი იყოს – გომელაური კიბერთავდასხმაზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, საქართველოზე კიბერშეტევა დიდი იყო და გამოძიებას დრო დასჭირდა. გამოძიებამ კი, რომელშიც საქართველოს პარტნიორებიც იყვნენ ჩართულნი, დაადგინა, რომ თავდასხმაში რუსული კვალი იყო, რაზეც საჯაროდ განაცხადეს.

გომელაურის აზრით, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კიბერსაფრთხეებიც იზრდება და საქართველო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს, რომ უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს და კიბერუსაფრთხოება დაიცვას.

„რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალავს, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც, როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები.

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა.

კიბერშტევა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

რუსული კიბერშეტევა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ასევე დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ლიეტუვის და სხვა ქვეყნების საგარეო უწყებებმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიბერთავდასხმის გამოძიებაში საქართველოს ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები ეხმარებოდნენ.