ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექნიან - თალაკვაძე „ოცნებიდან“ გახარიასთან წასულ 6 დეპუტატზე

პუბლიკა

პარლამენტის  ექვსმა დეპუტატმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ დეპუტატებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

დეპუტატების პარტიიდან წასვლა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შეაფასა. მისი თქმით, მათი გადაწყვეტილება არასწორია.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლოს რთული გადაწყვეტილების მიღების დროს გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესებისა და მიზნების ნაცვლად, რომლებიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს.

რა თქმა უნდა,  დაველოდებით და ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი.

გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამეტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა. ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო ორიენტირებული პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნებიდან“ წამოსულ დეპუტატებს შორის არიან გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი.